გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს და ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, სურსათის უსაფრთხოებას, მეცხოველეობას, აკვაკულტურის, სამონადირეო მეურნეობების განვითარების და სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის საკითხებს.

ხაზგასმით აღინიშნა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობა, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი,  ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე იგორ დოროფეიჩიკი, ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ უტიუპინი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი  საქართველოში ნიკოლაი როგაშჩუკი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.