გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიური აგროკომპანიის RK Growers პრეზიდენტს პაოლო კარისიმოს და მის წარმომადგენელს საქართველოში - ქართული აგროსაკონსულტაციო კომპანიის „ნიადაგი“ დამფუძნებელს ნიკოლოზ დიდებაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესახებ და კომპანიების წარმომადგენლებს აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობის საკითხი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ ბაზრებზე წვდომის გაფართოებას, ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ, კაკლოვანი კულტურების, ლურჯი მოცვის, ზეთისხილის, ზეითუნის ზეთის, წვენების და ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის საკითხებს.
კომპანიის RK Growers პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ აგროკომპანია RKG (RK Growers) 60 წელია იტალიელ და უცხოელ მწარმოებლებს აერთიანებს. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მეწარმეებთან და ავითარებს ინოვაციურ მიდგომებს ხილის წარმოებასა და მიწოდებაში. აგროკომპანია RKG (RK Growers) ევროპულ და გლობალურ აგროსექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოთამაშეა.




