„4 სექტემბერი ეს არის იურიდიული თარიღი, თუ ვინმეს უნდა დაასახელოს მერობის კანდიდატი, უნდა დაასახელოს. ჩვენ როდესაც ვამბობთ 4 სექტემბერს, არ ვამბობთ იმას, რომ 3 სექტემბერს, ღამის თერთმეტ საათზე გაცნობებთ კანდიდატს. ჩვენ ვამბობთ, რომ 4 სექტემბრამდე ეს პროცესი გრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ როდის გადაწყვიტა კანდიდატის დასახლება? მაშინ, როდესაც არჩევნები საერთოდ არ არის დანიშნული. – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ამ პროცესს სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გვაქვს კონსულტაციები არა მხოლოდ არაპოლიტიკურ, არამედ პოლიტიკურ ჯგუფებთან. იქნებ ჩვენ ამ მწვავე პროცესში ვაკვირდებით მოსახლეობის დამოკიდებულებას, საით უფრო იხრებიან ადამიანები. იქნებ კვლევებს ვატარებთ, რადგან ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები კი არ არის, ეს არის მორიგი ბრძოლის ფრონტი ხელისუფლებასთან.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, შეგახსენებთ, რომ ელისაშვილი უკვე იყო მერობის კანდიდატი. მას ეს გზა გავლილი აქვს. ეს გზა მისთვის არ არის უცნობი არც პოლიტიკურად, არც ფსიქოლოგიურად და პიარულად. ის ამიტომ ამბობს, რომ არ გამორიცხავს, მეც არ გამოვრიცხავ. 20 კანდიდატი განვიხილეთ, ახლა ხუთამდე ვართ ჩამოსულები. იმ ხუთში შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი. რატომაც არა?! შესაძლებელია იმ ბრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, რაზედაც ახლა ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლა ჰქვია. შეიძლება, რაღაცაში არ ვართ თანახმა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ვერსიები, რომლის უპირატესობაზე ვსაუბრობთ, ბოლოს შევჯერდებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არის ალბათობა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმების ვერ მიღწევის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

„ღმერთმა დაიფაროს. როგორ არ შეიძლება მოხდეს?! ყველაფერი ხდება და ყველაფრის მომსწრე ვართ. ორი პოლიტიკური ძალა შეთანხმდა, რომ კოორდინირებულად ვმუშაობთო. ასევე დღეში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს და კოორდინირებულად მივდივართ წინ. კანდიდატები მარტო თბილისში კი არ არის ასარჩევი, რამდენიმე ათასი ადამიანია შესარჩევი. თბილისში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით შეიძლება ვერ შევთანხმდეთ? ამის შესაძლებლობა დაახლოებით იმდენია, რამდენიც ახლა მოსამართლემ მზია ამაღლობელი გამოუშვას და თქვას, უდანაშაულოაო. ამ პროცესში მოლოდინი იმისა, რომ საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ, არის 99%“, – განაცხადა უსუფაშვილმა.