ვაშინგტონში დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი, 20 წლის სარა ბეკსტრომი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 24 წლის ენდრიუ ვულფი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დასავლეთ ვირჯინიის გვარდიის წევრ 20 წლის სარა ბეკსტრომს „ძალიან პატივცემული“ და „შესანიშნავი ადამიანი“ უწოდა.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი, 29 წლის ავღანელი მოქალაქე რაჰმანულა ლაკანვალი, მძიმე მდგომარეობაშია. ტრამპმა მას „ველური ურჩხული“ უწოდა.  

შეგახსენებთ,  წყვილს თეთრი სახლის მახლობლად პატრულირებისას თავს დაესხნენ. ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

დონალდ ტრამპი სროლის დროს ფლორიდაში იმყოფებოდა.