წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

შეხვედრები, ამჯერად,  ქალაქ დუშეთის №2 საჯარო სკოლასა და დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა.  კამპანიის - „დაზოგე წყალი“ ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლები და პრეზენტაცია, V და  VI კლასის მოსწავლეებს, წყალმომარაგების კომპანიაში  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა,  რუსუდან ელიზბარაშვილმა წარუდგინა.  

მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია  საკითხებმა - თუ რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, რა გავლენას ახდენს  კლიმატის ცვლილება წყლის რესურსზე, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს და ა.შ.

კამპანიის - „დაზოგე წყალი“ მიზანია წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე.

წყალმომარაგების კომპანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.