დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ქანდაკებები საჯარო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მათი უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა საბჭოთა იდეოლოგიასთან შეუსაბამობის გამო.
ვაჟა მელიქიშვილის ნამუშევრებისთვის უცხოა სოციალისტური რეალიზმისათვის დამახასიათებელი დიდაქტიზმი. მის შემოქმედებაში ერთ ენაზე ლაპარაკობენ მეფეებიც და ზღაპრის გმირებიც. გამოფენაზე ფოტო და ვიდეომასალის სახით არის წარმოდგენილი ვაჟა მელიქიშვილის მიერ საბჭოთა პერიოდში ქ. სენაკში დადგმული კუბი. მისი ოფიციალური სახელწოდების - „დიდების კუბის“ მიუხედავად, ავტორი მას „ხსოვნის კუბს“ უწოდებდა. კუბს, ზომის გარდა, დიდებასთან არაფერი აკავშირებს და ომს იმ დროისათვის უჩვეულოდ ტრაგიკული და არაჰეროიკული კონტექსტით წარმოგვიდგენს.
ვაჟა მელიქიშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. სიცოცხლეში ხელოვანის მხოლოდ ერთი გამოფენა გაიმართა მის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 2002 წელს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. მაშინ გამოიფინა მისი მხოლოდ რამდენიმე სკულპტურა, ახლანდელი გამოფენა კი საზოგადოებას საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნოს ხელოვანის შემოქმედებას, ქანდაკებებთან ერთად დაათვალიეროს მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც.
2021 წელს, 30 წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ პროექტის - „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" - ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო და შეიძინა ქართველი ხელოვანების, მათ შორის - ვაჟა მელიქიშვილის მიერ შექმნილი ნამუშევარი „მემატიანე", რომელიც 12 დამოუკიდებელი ქანდაკებისგან შემდგარი კომპოზიციაა. გამოფენის გახსნას ხელოვანის ოჯახის წევრები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენის დათვალიერება 10 მარტამდე იქნება შესაძლებელი