მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.

„ინსტრუმენტები, არქივები და ადგილობრივი ხმები სამხრეთ კავკასიასა და მის მიღმა“ -  ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ციფრული არქივების სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად მელქაძემ ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის მიმდინარე პროექტი წარადგინეს. ისაუბრეს არქივში ამ მიმართულებით დანერგილ თანამედროვე მეთოდებზე, მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

 სესიის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ დოკუმენტების რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის პროცესს, დაათვალიერეს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოსა და ამიერკავკასიაში მცხოვრები გერმანელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა გაციფრულებულია და ელექტრონული კატალოგის სახით ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე.

 შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო აკადემიური წრეებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის დიგიტალიზაციისა და ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული არქივის გამოცდილების გაცნობას, ასევე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 საგაზაფხულო სკოლა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და სპეციალისტებს და წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს არქივებისა და ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციას თანამედროვე კვლევით პროცესში.