ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ევროკავშირის ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში. 

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთი არასწორად მოიქცა, როდესაც არ აღიარა გერმანიაში პოლონეთის ორი მოქალაქის მიერ გაფორმებული ქორწინება იმ საფუძველზე, რომ პოლონეთის კანონმდებლობით ერთი და იგივე სქესის პირთა შორის ქორწინება არ არის დაშვებული.

„ევროკავშირის ორ მოქალაქეს შორის ქორწინების აღიარებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ეს არღვევს თავისუფლებას და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გადაწყვეტილება არ აიძულებს ვარშავას, ერთნაირსქესიანი ქორწინება პოლონეთის შიდა კანონმდებლობით დაუშვას. ახლა პოლონეთის სასამართლომ უნდა აღიაროს მომჩივანი წყვილის ქორწინების სტატუსი, თუმცა იტოვებს უფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ეს აღიარება. აღნიშნული სასამართლო განხილვა დაიწყო როდესაც, პოლონეთის ორმა მოქალაქემ, როლებსაც 2018 წელს გერმანიაში დაქორწინდნენ, ხელისუფლებას მიმართეს მათი კავშირის პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციისთვის, რაზეც უარი მიიღეს იმის საფუძველზე, რომ პოლონეთის კანონმდებლობა არ ცნობს სამართლებრივ სტატუს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის. მას შემდეგ, რაც წყვილმა უარი სასამართლოში გაასაჩივრა, ეროვნულმა სასამართლომ საქმე ლუქსემბურგში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს