საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მსოფლიო დღეს გაიმართა.

მინისტრმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების სერვისების დახვეწისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გივი მიქანაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ხელს შეუწყობს ინკლუზიურობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების პროცესში უწყებათაშორისი პარტნიორობის განვითარებას, ინიციატივების მრავალმხრივ შეფასებას და პროექტების კოორდინირებულ მართვას.

საბჭო წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას, რომელიც უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით აერთიანებს განათლების ყველა საფეხურის, ასევე მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. საბჭოს წევრები არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სფეროში არსებულ სერვისებსა და პროგრამების განვითარებაზე მუშაობენ.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება, რაც შესაძლებლობას მისცემს მის წევრებს, განიხილონ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები, შეაფასონ სერვისების განვითარების დინამიკა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

პირველ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.