პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მაჯნუნ მამადოვს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულ მეგობრობას.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრისას, ორი ქვეყნის რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას გაესვა ხაზი. ისაუბრეს შუა დერეფნის გაძლიერებაზე, კასპიის ზღვის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთმანეთთან და ასევე, აზიის და ევროპის ქვეყნების დაკავშირებაზე.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებასა და ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.

„მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ძალები გავაერთიანოთ და თანაბარი ხარისხით ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელსაც სხვა დიდ ქვეყნებს და ქსელებს ერთობლივად შევთავაზებთ, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი წარმოება რაოდენობის და მიწოდების მხრივ, საკმარისი არ არის. ორი ქვეყნის გაერთიანებული ძალებით ჩვენ შევძლებთ პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა.

მისი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობაში დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ორი ქვეყნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

მხარეებმა დარგის მიმართულებით განათლების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ზაურ დარგალი.

შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი.