განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იზაბელა კასტროჯოვანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძემ UNICEF-ის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტი.

მინისტრის თქმით, საქართველოში მიმდინარე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიზნები სრულ თანხვედრაშია UNICEF-ის ახალი Country Programme Document-სა (2026–2030) და სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებულ 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმასთან.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებაზე, ინკლუზიურ საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.