საქართველოში ძალიან კარგი გარემო გვაქვს ბიზნესის საკეთებლად, ეკონომიკური საქმიანობის ან ინვესტიციის განსახორციელებლად - გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და კორუფციის სიმცირე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, Gulf Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა Eagle Hills-ის უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საკმაოდ გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა.

„მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Eagle Hills-ის უმსხვილესი, 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ყველა მათგანი  სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და  მიმაჩნია, რომ ჩვენც სანდო პარტნიორები ვართ მათთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.