ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით, სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.

 რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, მსურს საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. მან ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში.

 მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან.

 ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი; ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო.

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.