გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს მედჯუნ მამადოვს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის წევრებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე უმასპინძლეს.

ნოდარ ხატიაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან გამართულ   შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე, რომლებიც მოიცავს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გაცვლით პროგრამებს. გამოითქვა მზადყოფნა, მომავალში გააქტიურდეს თანამშრომლობა, რაც  მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორივე ქვეყნის აგრარული მიმართულების სამეცნიერო პოტენციალს და ხელს შეუწყობს სექტორში ახალი ინოვაციების დანერგვას“, - განაცხადა ნოდარ ხატიაშვილმა.

დელეგაციის წევრებმა ბაზაზე არსებული სამუზეუმო სივრცეც დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილია ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველი ექსპონატები, ამპელოგრაფიული აღწერები, ტრადიციული აგრარული იარაღები და საარქივო მასალა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ცენტრის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების თემატური გამოფენა; წარმოდგენილი იყო ცენტრის ბაზებზე მიღებული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ნიმუშები, ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული პროდუქტები, თუთის აბრეშუმხვევიას სხვადასხვა ჯიშის აბრეშუმის პარკების კოლექცია.

სტუმრებმა დააგემოვნეს ჯიღაურას ბაზის საკოლექციო ქართული ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოები და მათი წარმოების ტექნოლოგიურ თავისებურებებს გაეცნენ.