თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების შესახებ ისაუბრა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითია.
„ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, არადა ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს აშენებენ. ჩვენ რომ ავდგეთ და რასაც სააკაშვილი აკეთებდა, მაგალითად, მივადგეთ რომელიმე ტელევიზიას და დავხუროთ, ეს იქნება სიტყვის თავისუფლება? ქართველი ხალხი კარგად ხედავს. იმ გადაწყვეტილებებს, რასაც აჟღერებენ, სულელები არ ვართ, კარგად ვაფასებთ, რა პროცესები მიდის. როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ, თავად ზღუდავენ მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ორმაგი სტანდარტია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრძალავენ იმას, რასაც თავიანთ ქვეყნებში ახორციელებენ.
„რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედისო. კერძოდ, საუბარია გამჭვირვალობის კანონზე და პარტიების დაფინანსებაზე. ჩვენთვის კი ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. თურმე, ჩვენ შევზღუდეთ უცხოეთიდან პოლიტიკის დაფინანსება, მაგრამ თავის ქვეყანაში ამასნ ზღუდავენ. მათთვის მიუღებელია, რომ მათ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები გარედან ფინანსდებოდეს და ეს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირ ჩარევად ითვლება. ჩვენ კი პირიქით მოგვიწოდებდნენ. ხალხი ამ ყველაფერს აანალიზებს და შემთხვევით არ არის, რომ ამდენი წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




