„დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვა სწორედ კონტარქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა, მათ დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. 30 000-მდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიაში. თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. უწყებებს აქვთ შესაბამისი მიმართულება, ყველა ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.
შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს."




