ხვალ სიონის საკათედრო ტაძარი, იქ სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე სამუდამო განსასვენებელი გახდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ილია მეორეს ანდერძის მიხედვით დაკრძალავენ.


სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე მანგლელ ეპისკოპოსის (1666-1751) ნეშთი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890).



, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.






