მე მგონი, ამ ვითარებაში „ლელომ“ დაინახა შესაძლებლობების ფანჯარა, რომ, მათ შორის, იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. ასევე მიმაჩნია, რომ „ლელოს“, უბრალოდ, აღარ სჯერა ასეთი ფორმით, ქუჩის პროტესტით წარმატების მიღწევის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე მგონია, რომ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ეს რწმენა უნდა გვიმტკიცდებოდეს და უნდა ვრწმუნდებოდეთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის აქეთ გაძლების რეჟიმში და არა – ჩვენ. ამ ვითარებაში სხვაობა არის ის, რომ ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, სადაც შედეგი, რომელიც დაითესა 26 ოქტომბრის შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტის მანდატების დათმობის შემდეგ, ამის ლოგიკური გაგრძელება არის, რომ შემდეგ კომისიაზე არ მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, არ აღიარეს პარლამენტი, არ აღიარეს პრეზიდენტი, არ აღიარეს ე.წ. საგამოძიებო კომისია, არ აღიარებენ ახალ არჩევნებს, რასაც აცხადებენ რუსულ სპეცოპერაციად და არ იღებენ მონაწილეობას. მგონია, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ერთ ნაყოფს გამოიღებს, რასაც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დამატებითი კრიზისის შექმნა შეუძლია. „ლელოს“ ამის რწმენის ნაკლებობა აქვს აშკარად და გადაწყვიტა, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის საბოლოო ფაზამდე გადავალთ, მანამდე რაღაც შუალედური ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ბოლო კვლევით, რომლის ავტორიც არის ადამიანი, რომელმაც „ლელოს“ წინა კვლევა ჩაატარა, 100 ოპოზიციონერიდან 70 როცა ამბობს, რომ აქ არ უნდა შეხვიდე, ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ დინების საწინააღმდეგოდ.
„ეს უნდა გავისიგრძეგანოთ ყველამ, ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომ ქართველი ხალხის და ოპოზიციური ამომრჩევლის შეკვეთა რაც არის, ის უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ზურგს უმაგრებს სოცილოგიური გამოკითხვებიც, რომლის შედეგებიც, იმედია, მალე გამოქვეყნდება და რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ ამომრჩეველიც ძალიან უკმაყოფილოა პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და ეს პირდაპირ რეიტინგშია ასახული.
„მოვლენებს არ გავუსწრებთ წინ, მაგრამ ამის მაჩვენებლები არსებობს, ინდიკატორები, რომ მათ მიმართ მხარდაჭერა შემცირებულია. მე მიმაჩნია, რომ „ლელო“ საჯარო ამ დისკუსიაზეც, მათ შორის, რაც საზოგადოების მეორე ნაწილთან დაკავშირებით არსებობს, ძალიან მოწყვლადია და მგონია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, მათ შორის, რეგისტრაციის ბოლო ვადამდე, „ლელომ“ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ წავიდეს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე, რაც მე ძალიან არ მინდა, რომ ასეთი პარტნიორი ორგანიზაცია შუა ბრძოლაში დავკარგოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, ბოიკოტი ამართლებს და ბოიკოტი არის ბევრად უფრო მწვავე გზა, ვიდრე არჩევნები, როდესაც ბრძოლაზე მიდის საუბარი, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს თურმე ბრძოლა არ უნდა.
„ბრძოლის ყველაზე უფრო მწვავე ფორმა არის ბოიკოტი, როდესაც რისკავ პარტიის იდენტობით, როდესაც რისკავ ამ პარტიის მთლიანი ორგანიზაციის რაობით”, – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, ივანიშვილის ყველაზე მეტად ეშინია „ამ სპეცოპერაციის“ ჩაშლის.
„ეს ჩაშლა იმით კი არ მოხდება, რომ ვინმე ცეცხლს წაუკიდებს საარჩევნო უბანს, ბიულეტენში თუ არ იქნებიან წამყვანი ოპოზიციური პარტიები, ამას ექნება ნულოვანი საგარეო ლეგიტიმაცია“, – განაცხადა სანიკიძემ.