გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე,  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

მაია ბითაძემ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტს ეკომიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე სიტყვით მიმართა.

 ეკომიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის გზებზე საუბრისას, მაია ბითაძემ  ხაზი გაუსვა ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, აგრეთვე ეუთო-ს წამყვან როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში.

 „ბოლო წლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რიცხვი, მათ შორის  წყალდიდობა, გვალვა და ტყის ხანძრები, 30%-ზე მეტით გაიზარდა.   ამ ფონზე საგულისხმოა სოფლის მეურნეობის სექტორის მოწყვლადობის ზრდაც, რომელზეც  საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკურად არის დამოკიდებული. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და მასთან ადაპტაციის მიმართულებით, ამ კუთხით აღსანიშნავია, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება და ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ  საქართველო მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს ევროპელ პარტნიორებთან, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად.

 საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.