საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნითი სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.
„ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც აქვს დღეს საქართველოს მთავრობას და მე ვფიქრობ, რომ ის კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და უფრო ეფექტიანი გახდება მთავრობის მუშაობა.“ - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მიმდინარე პროცესები ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოჩენის თვალსაზრისით.
„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რა საკითხებზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემთვის პირადად, როდესაც ამ პოზიციაზე ვარ წარდგენილი“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




