საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახალი ინიციატივით გამოდის. მას სურს, რომ ახალგაზრდებმა სმარტფონები თვეში ერთხელ სრულად გამორთონ.
მისი თქმით, ეკრანებზე დამოკიდებულება „დაკარგული დროა“, რომელიც მოზარდებს რეალურ ცხოვრებას აშორებს.
ხუთშაბათს, ვილერ-კოტერეში სტუმრობისას, ემანუელ მაკრონმა ახალგაზრდებისთვის „ინტერნეტის გარეშე დღის“ დაწესების იდეა გააჟღერა. პრეზიდენტს სურს, რომ თვეში ერთხელ მოზარდები სრულად მოსწყდნენ ციფრულ სამყაროს და ეს დრო კითხვას ან სპორტს დაუთმონ.
„ეკრანები და სოციალური ქსელები პიროვნულ განვითარებას აფერხებს და ეს უბრალოდ, დაკარგული დროა. ეს არის დრო, როდესაც არ კითხულობთ და არ ვარჯიშობთ“, — განაცხადა პრეზიდენტმა მოსწავლეებთან შეხვედრისას.
მაკრონმა ეკრანებს „ფარმაკონი“ (წამალი და საწამლავი ერთდროულად) უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ტექნოლოგიებს გონივრულად არ გამოვიყენებთ, ის იქცევა საწამლავად, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, მარტოობას და ყურადღების დეფიციტს.
პრეზიდენტმა იქვე გააფრთხილა მოზარდები, რომ არ იქცნენ „სმარტფონებზე დამოკიდებულ თაობად“.




