„საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას და მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ ფაქტობრივ სანქციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მან სამშობლოს არ უღალატა.

„ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება ორ მილიარდ დოლარს. დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს- იმიტომ, რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლედ და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც უკვე კარგად იცის. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ