ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ფლორენს ბაუერმა UNFPA-ს მხარდაჭერით მიმდინარე, ერთობლივ პროგრამებზე ისაუბრეს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.

მხარეებმა დემოგრაფიული მდგრადობის, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო (2026-2030) დოკუმენტის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობაზე და მომდევნო ფაზაში დაგეგმილ აქტივობებზე.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი გეგმები.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.