„მკვლელობის მეორე დღესვე ეს სახელები და გვარები გაჟღერებული იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში, მაგრამ რატომღაც 5 წელი მოანდომა საქართველოს პროკურატურამ ამის დამტკიცებას. იყო მასალები, სატელეფონო ზარები, მესიჯები, სადაც მათი თანამონაწილეობა იკვეთებოდა. – ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა.

"მე წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ამ ახალგაზრდებს რაღაცნაირად შეიძლება, შეხება ჰქონოდათ ამ ყველაფერთან. თუმცა, პროკურატურამ ფაქტები და არგუმენტები დაგვიდო, რომ ეს ახალგაზრდები უშუალოდ ყოფილან მკვლელობის დამგეგმავები და არსებული მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა.

გარკვეულ დონემდე ეს მკვლელობა გაიხსნა, მაგრამ მე არ გავჩერდები და აუცილებლად არგუმენტირებულად, მასალებით გავაჟღერებ სახელებს და გვარებს, ვის შეიძლება, შეეკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. მე ნინო ჟვანიასთან დაკავშირებით ძალიან ვწუხვარ, დედისთვის ალბათ ძალიან ძნელია და ვუთანგრძნობ. ძნელია, როდესაც შენ შვილს ასეთი მკვლელობა დაუმტკიცეს. მე ნინო ჟვანია დამპირდა, რომ თუ მისი შვილი ამ მკვლელობის ფიგურანტი იქნებოდა, ის აუცილებლად ჩააბარებდა პროკურატურას. დაველოდოთ ახლა ქალბატონ ნინოს“, – განაცხადა ომაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აფარებდნენ ხელს თუ არა მაღალჩინოსნები ვინმეს, ომიაძემ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მაღალჩინოსნები მკვლელობის დაგეგმვაში არიან გარეულები.

„მაღალჩინოსნების გარეშე არ ხდება, რა ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ საქმე აქამდე არ გამოძიებულიყო. აუცილებლად არიან მაღალჩინოსნები გარეულები, მარტო მფარველობაში კი არა, ვფიქრობ, რომ ამ მკვლელობის დაგეგმვაშიც არიან“, – განაცხადა ომიძემ.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა მკვლელობის საქმეში არსებულ ვიდეოს ავრცელებს