მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება, დაემართოს და საპანიკო არაფერია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება, დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.

პაატა იმნაძის თქმით, მუნის მკურნალობა ადვილია, დაავადება კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით. პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.