საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს საქართველო ამ უმშვენიერეს ქვეყანასთან, უნგრეთთან მეგობრობასა და პარტნიორობას. საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენი პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება.

 სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, ვერ გუობს ვერცერთ სუვერენულ მთავრობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. მათთვის მიუღებელია ეწვიო ამ ქვეყანას და იხილო ავთენტური უნგრეთი, იმ მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი, თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით, ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები,   ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე გაიმართება.

 

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში.

 მსურს პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე.

 დასასრულს, მსურს წარმატებები ვუსურვო მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთგულია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის იდეისადმი, ამ მზარდი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში“, - განაცხადა პრემიერმა.