საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს.
ამ ეტაპზე, ქალაქ კასპში 1 800 ოჯახი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 - საათიანი წყალმომარაგებით პირველად სარგებლობს. პროექტის დასრულებამდე, ქალაქის დანარჩენი მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან უწყვეტი წყალმომარაგებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობაც ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში, სამუშაოები განხორციელდა ქალაქ გორშიც, კერძოდ ვერხვებისა და ელექტროფიკაციის დასახლებებში, სადაც მოეწყო ახალი ცენტრალური მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სისტემა. შედეგად, დასახლებების მაცხოვრებლები სტაბილური წყალმომარაგებით არიან უზრუნველყოფილნი.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 31 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.
სამუშოების დასრულების შემდეგ, ქალაქ კასპში და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 7 000 მდე ოჯახი 24 - საათიანი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.




