საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად  ქართველი სამხედროები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად პანაშვიდს დაესწრო.

ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.

უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მისი ანდერძის თანახმად, სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.