2026 წლის 27–28 აპრილს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისთვის“ ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სმარტ გადაწყვეტილებები ურბანული და სასოფლო მდგრადი განვითარებისათვის" გაიმართა .


კონფერენცია წარმოადგენდა საერთაშორისო პლატფორმას მეცნიერების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, სადაც განხილული იქნა ურბანული და სოფლის მდგრადი განვითარების აქტუალური გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და რეციკლირების, სუფთა და მწვანე ენერგიის, წრიული ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და მკვლევარები საქართველოდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან და სხვა ქვეყნებიდან. ორდღიანი პროგრამა მოიცავდა პლენარულ სხდომებს, პარალელურ სექციებსა და პოსტერ-პრეზენტაციებს, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული კვლევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას გარემოსდაცვით მართვაში და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვას.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, ასევე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოლდოვიდან, თურქეთიდან და რუმინეთიდან. 
კონფერენციამ ხელი შეუწყო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას, ერთობლივი კვლევებისა და ინიციატივების განვითარებას, ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნივერსიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მნიშვნელოვანი როლი მწვანე  გადასვლისა და ინოვაციური განვითარების პროცესში.