რუანის სააპელაციო სასამართლოს გარშემო დიდი სკანდალია ატეხილი. სასამართლოს საგამოძიებო პალატამ პატიმრობიდან გაათავისუფლა მკვლელობის ორ მცდელობაში ბრალდებული 20 წლის მამაკაცი. 

მოსამართლეებმა გადაწყვეტილება გამოიტანეს არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროსაც და სასამართლო პროცესის დღესაც სრულწლოვანი იყო. 
გენერალურმა პროკურატურამ მომხდარი „აშკარა და უხეშ შეცდომად“ შეაფასა.

ბრალდებული საპატიმროში 2024 წლის იანვრიდან იმყოფებოდა. მკვლელობის მცდელობის გარდა, მას ბრალად ედება ციხეში თანამესაკნის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი ძალადობა და წამება.
სასამართლო წყაროების ცნობით, მოსამართლეებს, სავარაუდოდ, ბრალდებულის ასაკი აერიათ ან ჩათვალეს, რომ მასზეც იგივე წესები ვრცელდებოდა, რაც საქმეში არსებულ მეორე ფიგურანტზე, რომელიც დანაშაულის მომენტში მართლაც არასრულწლოვანი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხდომას არც თავად ბრალდებული და არც მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ.

საგამოძიებო პალატამ მიიჩნია, რომ პატიმრობის ვადის გასაგრძელებლად ვალიდური სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და იძულებული გახდა, პირი გაეთავისუფლებინა, რასაც კულუარებში სასამართლოს „უხეში ჩავარდნა“ უწოდეს.

ბრალდებულის მაღალი საფრთხის გათვალისწინებით, იგი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში მკაცრი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოათავსეს. მას დაუწესდა კომენდანტის საათი, პოლიციაში ყოველდღიური გამოცხადების ვალდებულება და კატეგორიულად აეკრძალა დაზარალებულებთან მიახლოება.

გენერალურმა პროკურატურამ რუანის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში, რათა დაშვებული უხეში შეცდომა სასწრაფოდ გამოსწორდეს და ბრალდებული საპატიმროს დაუბრუნდეს.