საფრანგეთის დეპარტამენტ ზემო რაინში (Haut-Rhin), ერთ-ერთი სოფლის მერმა კლასის გაუქმების წინააღმდეგ ბრძოლის უჩვეულო გზას მიმართა და სკოლის მოსწავლეთა სიაში ხუთი ძროხა შეიყვანა.

მერის ეს გადაწყვეტილება პროტესტის უკიდურესი ფორმაა განათლების სამინისტროს იმ გეგმის წინააღმდეგ, რომელიც მოსწავლეთა სიმცირის გამო სკოლაში ერთ-ერთი კლასის დახურვას ითვალისწინებს. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ სიმბოლური ნაბიჯით ყურადღებას მიაპყრობს სოფლის სკოლების პრობლემას და შეინარჩუნებს სასწავლო პროცესს არსებული სახით.

მუშის (Moosch) სკოლამ სამშაბათს, 31 მარტს, ახალი „მოსწავლეები“ მიიღო. აბეი, აბონდანსი, ამანდინი, ამზელი და არლეტი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენილან — ეს ხუთი ძროხა ზემო რაინის ამ პატარა კომუნის (1621 მცხოვრები) საბავშვო ბაღის ჯგუფს „შეუერთდა“.
მუშის დაწყებით სკოლაში სულ 66 ბავშვი სწავლობს. სტრასბურგის საგანმანათლებლო ოლქის (rectorat) მიერ ერთ-ერთი კლასის მოსალოდნელი დახურვისგან გადასარჩენად, მერმა ჟოზე შრუფენეგერმა გადაწყვიტა მოსწავლეთა რაოდენობა ხელოვნურად გაეზარდა და თითოეული „ახალი მოსწავლისთვის“ სარეგისტრაციო დოკუმენტები პირადად შეავსო.
„მუნიციპალურ საბჭოზე უამრავი ხრიკი მოვიფიქრეთ, თუმცა ეს გეგმა ყველაზე მართებული მოგვეჩვენა ჩვენი „საპროტესტო იერიშის განსახორციელებლად“, — აცხადებს ქალაქის თავი, რომელიც ამ პოსტზე მეხუთე ვადით ახლახან აირჩიეს.