საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ვიდეო კადრებს ავრცელებს.  დღეს საქართველოს საპატრიარქოში, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს (მუჯირი) მოწვევით სინოდის სხდომა მიმდინარეობს. 

"სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა:

"დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცედურული საკითხების მოწესრიგებას, რომლებიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინმსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი გაფართოებული კრებისა.

 გაფართოებული კრება, მოგეხსენებათ, 40 დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა. ასეა დებულებაში.  დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა. ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც აქვს საქართველოს ეკლესიას. სავარაუდოდ, დღეს იქნება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი. ამიტომ მათ შორის შესაძლოა, ამაზეც იყოს მსჯელობა, თუ დაისვა ეს საკითხი, რა თქმა უნდა"