საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან, ფარიდ აჰმედოვთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე.
პაატა სალიამ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და მოიწვია გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე, რომელსაც 2026 წლის ივნისში, საქართველო მასპინძლობს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.
ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალიამ, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო.




