საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
I.2. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები
არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ, განეკუთვნებიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები:
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888);
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030022);
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264).
ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
Ø აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ;
Ø აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“ და „გირჩი − მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
სასარჩელო მოთხოვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია:
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888; რეგისტრაციის თარიღი: 10.12.2004; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 45ა);
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030022; რეგისტრაციის თარიღი: 29.06.2016; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ბესიკის ქუჩა N4, ბინა N66);
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264; რეგისტრაციის თარიღი: 28.01.2020; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ნაკვ. 05/107).
სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ: კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე




