პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო
"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდების“ დავალებით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა ორ ფიზიკურ პირს დავა გადაუწყვიტეს, რის სანაცვლოდაც გარკვეული სარგებელი მიიღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2025 წლის 17 ივლისს დააკავეს. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), ხოლო ორ პირს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა.
სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
.




