„საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს არც აშშ-ის, არც რუსეთის, არც ჩინეთის, არც გერმანიის, თუ საფრანგეთის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი, ქართველი ხალხის ინტერესებით. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს არის ამოსავალი წერტილი. მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომლებსაც დღესაც 600 000 დოლარი აქვთ ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოელების მხრიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში.
ამიტომ, ეს ფროიდისეული წამოცდენა არის ხაზარაძის მხრიდან. რაც მას გულში უდევს, ის გვაჩვენა. ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ისე, რა ინტერესი აქვს ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვთ სხვადასხვა ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური, ჩვენ, პირველ ყოვლისა, ამოვდივართ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.