ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. მათ შორის აღსანიშნავია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების (unbundling) ვალდებულების შესრულება ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან მიმართებაში ითვალისწინებს „ნეტო-აღრიცხვის“ სქემიდან „ნეტო-დარიცხვის“ სქემაზე გადასვლის საკითხებს.

„ენერგეტიკა არის ქვეყნის სტრატეგიული სექტორი და ჩვენი მიზანია ენერგეტიკული ბაზრების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება,  გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლება; საინვესტიციო გარემოს განვითარება და საერთაშორისო კავშირების გამყარება. ასევე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსის ათვისება. ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი იყოს 27.4 %“, -  აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

შეხვედრაზე მაია ბითაძემ ისაუბრა მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) სისტემის დანერგვის პროცესზე, რომელიც ქვეყანას ამზადებს ევროპის კავშირთან სათბურის აირების ემისიებით ვაჭრობისთვის. სწორედ აღნიშნული სისტემის დანერგვას ემსახურება „გარემოს დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახლა განიხილავს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონის პროექტზე გაამახვილა ყურადღება,  რომელსაც კომიტეტი ამზადებს და რომელმაც კლიმატის ცვლილების სფეროში ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა ჩამოაყალიბოს.
მისივე განცხადებით, „გარემოს დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, ისევე როგორც „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონის პროექტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული და ემსახურება ევროკავშირთან ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდას, დეკარბონიზაციასა და ენერგეტიკული კავშირების დამყარებას.

შეხვედრისას ხაზი გაესვა სამომავლო გეგმებს, მათ შორის განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სათანადო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს პარლამენტის შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი რეფორმები სასარგებლო იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ევროპული მხარისთვის.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, არტურ ლარკოვსკიმ ხაზი გაუსვა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში.

შეხვედრისას, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში დაგეგმილ ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.