შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, "ბუპრენორფინი" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი 81 აბი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში შეაჩერეს, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით განზრახ დაეჯახა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელსა და სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომობილს.
აღნიშნული შედეგად პოლიციელმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაულში ბრალდებული პირი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ერთ-ერთი ადგილიდან მის მიერ რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




