„ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება მთელი თავისი სიღრმით. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ენა არის ჩვენი იდენტობის ბირთვი – ჩვენი ისტორია, ჩვენი მეხსიერება, ჩვენი სული. ილია ჭავჭავაძეს არ შეუთხზავს ფორმულა – მამული, ენა, სარწმუნოება. მან მხოლოდ დაინახა, შეაჯამა და გამოთქვა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართველ ერს. ეს არის სამი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ყოფა. თუ ერთი სვეტი დაირღვა, დანარჩენიც იწყებს რყევას. - – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თაობებს შორის კავშირი, დროში და სივრცეში გაბმული ეს უწყვეტობა, არის ერის თვითიდენტიფიკაციისა და კოლექტიური მეხსიერების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივემართებით. რა არის ჩვენში ურყევი, შეუცვლელი და ბოლომდე დასაცავი, და რა არის ის, რაც ცვალებად დროში ადაპტაციის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენს პატრიარქს ხშირად უყვარდა თქმა: „დრონი იცვლებიან და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც“. მაგრამ, ამავე დროს, იმასაც გვასწავლიდა, რომ ამ ცვლილებებში საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავკარგოთ ის, რაც გვხდის ქართველებად. ეს არის ჩვენი მისია. ქართული ენა არ არის მხოლოდ სიტყვათა კრებული. ეს არის ცივილიზაცია. ეს არის უწყვეტობა, რომელიც ერთმანეთისგან საუკუნეებით დაშორებულ თაობებს აკავშირებს. ძნელია მოიძებნოს სხვა ენა, რომლის საუკუნეების წინანდელი ფორმაც ასე გასაგები იყოს თანამედროვე ერისთვის. ქართულ ენას სწორედ ეს უნიკალური უწყვეტობა აქვს. ჩვენ ვკითხულობთ 1700 წლის წინანდელ „წმინდა ნინოს ცხოვრებას“, 1500 წლის წინანდელ „შუშანიკის წამებას“ და არა მხოლოდ გვესმის მათი შინაარსი, ჩვენ ვგრძნობთ მათ სულს, მათ ძალას, მათ მშობლიურობას. ეს არის იშვიათი ისტორიული პრივილეგია და ამავდროულად – დიდი პასუხისმგებლობა.

ბოლო ორი საუკუნე იყო პატარა ენების დასუსტებისა და გაქრობის ეპოქა. გლობალიზაციამ გააძლიერა ძლიერები და დაასუსტა სუსტები. მაგრამ ქართველი ერი ამ პროცესს დაუპირისპირდა, შეგნებულად, მიზანმიმართულად, და გადაარჩინა თავისი ენა. შემდეგ დადგა 1978 წლის 14 აპრილი. ერთი შეხედვით, ტექნიკური ცვლილება, ერთი ჩანაწერის შესწორება, რომელიც საბჭოთა კავშირის ყველა სხვა რესპუბლიკამ უხმოდ მიიღო. ნაცვლად მანამდე მოქმედი 1937 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული დებულებისა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენად იყო აღიარებული, კონსტიტუციის ახალი რედაქციის 75-ე მუხლი რესპუბლიკის ყველა მოქალაქისთვის მხოლოდ „მშობლიური ენის გამოყენებას“ უზრუნველყოფდა, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსს კი აუქმებდა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მორიგ ჯერზე აღვნიშნეთ 9 აპრილი, რომელიც უკავშირდება 1989 და 1991 წლებს.

ერთი თვით ადრე ჩვენ გავიხსენეთ 70 წლისთავი 9 მარტისა, როდესაც ასობით ადამიანი დაიღუპა თბილისის საპროტესტო გამოსვლებისას. დღეს კი ვიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილს. ეს მოვლენები, მიუხედავად განსხვავებული შინაარსისა და ფორმისა, იყო ერთი და იმავე სულის გამოვლინება – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წყურვილის, იმ ეროვნული ენერგიისა და ღირსებისა, რომელსაც ქართველი ხალხი ყველა ეპოქაში ატარებდა, ინახავდა და არასოდეს თმობდა. და სწორედ ასე, 14 აპრილსაც ქართველმა ხალხმა მტკიცედ უთხრა „არა“ გარე ძალის თავსმოხვეულ ნებას. ეს იყო მკაფიო გზავნილი: ქართველმა შეიძლება ბევრი სიძნელე აიტანოს, მაგრამ საკუთარ იდენტობაზე ხელის ხლებას ის არასდროს შეეგუება. სწორედ ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ჩვენ ვარჩევთ ჩვენსას და უცხოს, შინაურს და გარეულს. ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება მთელი თავისი სიღრმით. ქართული სული სრულად მხოლოდ ქართულ ენაში ცოცხლობს. სწორედ ამიტომ დაიცავით, დაეუფლეთ, განავითარეთ და „დაიმარხეთ“ ენა ქართული. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.