გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურიაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი დაათვალიერა.
მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე.
„გურიის შავი სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ადგილობრივი თანამშრომლები ახორციელებენ. სანაპირო ზოლის ყოველდღიური დასუფთავება და მოვლა-პატრონობა გარემოს დაბინძურებისგან დაცვის მნიშვნელოვანი შემადგენელია. დასუფთავება განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის ტურისტული სეზონის პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებზე დასაქმებულია ორასამდე ადგილობრივი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობისთვის მყარი ნარჩენების მართვის კომპანია სპეციალურ ტექნიკას ფლობს, მათ შორის, ქვიშის საცრელ მანქანებს, ტრაქტორებს და თვლიან მისაბმელებს. ტერიტორიის დასუფთავებაზე, ყოველდღიურად, კომპანიის 109 თანამშრომელი ზრუნავს, ხოლო ზაფხულში, აქტიურ ტურისტულ სეზონზე - 200-ზე მეტი.
სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავასთან და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროს ჯემალ ბაკაშიძესთან ერთად, სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე სტანდარტის ობიექტზეც იმყოფებოდა.
„ნარჩენების მართვის ახალი, დასრულებულ ობიექტი აღჭურვილია ყველა იმ მახასიათებლით, რომელიც უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტს; კერძოდ, შესაბამისი წყალარინების სისტემით, ასევე გაზშემკრები საშუალებით, მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების კომპონენტით, რადიაციის გამზომი მოწყობილობით. მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნაზე“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.




