26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდებათ. 

მისი თქმით, დროა ოპოზიციამ შეიგნოს, რომ საქართველოში რევოლუციების დრო დასრულდა და ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში. 

„ხვალ 26 მაისია და ოპოზიციის მხარდამჭერები კიდევ ერთ იმედგაცრუებას მიიღებენ. ვერც „კარდაკარი“ ჩაატარეს, ვერც მასშტაბურ დემონსტრაციას აწყობენ ხელისუფლების შესაშინებლად. თარიღები შემოელიათ, არადა დრო მათზე არ მუშაობს. მათი მხარდამჭერები კი თანდათან ნიჰილიზმში გადადიან. 
ისინი, ვინც ხვალინდელ დაანონსებულ აქციას თავიდანვე არ შუერთდნენ, ბევრად უფრო გამართულნი არიან საკუთარ ამომრჩეველთან. მიხვდნენ, რომ 26 მაისი საერთო ეროვნული დღესასწაულია და ამ დღეს საპროტესტო აქციის გამართვა რუსთაველზე, ხალხის რისხვას გამოიწვევდა. თან ამ დღეს ისედაც ძალიან ბევრი მოქალაქე გამოდის გარეთ. 
ხვალიდან ალბათ ახალ თარიღს დააანონსებენ და სავარაუდოდ, ეს იქნება „ვარდების რევოლუციის“ დღე. ეს დღე ნამდვილად მათ ეკუთვნის და არავინ შეეცილება. შემდეგ, ალბათ ისევ რომელიმე საერო დღესასწაულს შეარჩევენ, თორემ საეკლესიო დღესასწაულების თარიღები ნამდვილად არ ეცოდინებათ.  
როდემდე უნდა ატაროს ოპოზიციამ თავიანთი ხალხი სახალხო დღესასწაულებზე „სახალხო რევოლუციის“ მოსაწყობად არ ვიცით და დარწმუნებული ვარ, არც მათ იციან, რადგან ეს ყველაფერი იქედან მოდის, სადაც უკვე საკუთარ დღის წესრიგსაც ვეღარ ადგენენ. ევრობიუროკრატების მიერ შექმნილი ქაოსი მათ ქვეყნებში პიკს აღწევს. ასეთი დასუსტებული ევროპა ამერიკის მოკავშირეობის გარეშე, სხვა ქვეყანაში რევოლუციას ვერ მოაწყობს. პირიქით, ახლა მათი ქვეყნებია არეულობის პირისპირ. 
ჩვენ კი ვიზეიმოთ ხვალინდელი ეროვნული დღესასწაული. ვულოცავთ სრულიად საქართველოს და ვულოცავთ მათაც, ვინც „მართალი გზის“ ძიებაში ყალბ პოლიტიკოსებთან ერთად რევოლუციების მოწყობას ცდილობენ. ვურჩევდით, შეიგნოს ოპოზიციამ, რომ რევოლუციების დრო დასრულდა, ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.