ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს ავიასექტორის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რომელიც დამატებით ნაკადებს მოემსახურება. თამარ იოსელიანის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ფრანგული Groupe ADP-ის წევრ „ტავ ჯორჯიას“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციის სექტორისთვის - ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რაც ზოგადად ავიაციის სექტორში გვაქვს - 2025 წელი ყველა მიმართულებით რეკორდული იყო, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი  8,5 მლნ მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აუცილებელია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ფრანგული სახელმწიფო კომპანია - Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის მომავალი ხუთი წლით - 2031 წლის ბოლომდე  ოპერირებას განახლებული პირობებით გააგრძელებს. ხელშეკრულება ითვალისწინებს  აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს. ასევე თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება.

„აღნიშნული ინვესტიციით გაორმაგდება მგზავრთნაკადი, შესაბამისად, 2031 წლამდე, ვიდრე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შევა ოპერირებაში, ADP Group და „ტავ ჯორჯია“ განახორციელებს თბილისის საერთაშირისო აეროპორტის ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ გასამმაგდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემოსავალი, ის ასევე პროექტის ღირებულების საავანსო თანხას, დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით, „ტავ ჯორჯია“  მონაწილეობას მიიღებს ავიაკომპანიების მარკეტინგული წახალისების სქემებში იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ავიაკომპანიები და შევასრულოთ დამატებითი პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შენდება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი ამ მიმართულებით ოპერირებას შეწყვეტს.