2021 წელს, როდესაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ „ოცნებამ“, პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი მიიღო, მაშინ წინააღმდეგი მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო. გიორგი გახარია და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ საქმეზე აუცილებელი იყო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება.- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი, "გახარია საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს. 

"მიუკერძოებელმა გამოძიებამ უნდა უპასუხოს ორ მთავარ შეკითხვას:
⭕️ ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას გვერდის ავლით 20 ივნისს?
⭕️ ვინ დააორგანიზა და რა მიზნით მოხდა გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა?

გამოძიება, რომელზეც ჩვენ ამდენს ვსაუბრობთ, აუცილებლად ჩატარდება, სამართლიანი და გავლენებისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში. პასუხისმგებლობას კი ვერავინ გაექცევა - ყველას გაეცემა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხი." - წერს ტატა ხვედელიანი. 

შეგახსენებთ, 2025 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი გახარია  პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება

 12 ნოემბრის პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.

აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."