გრძელდება “ოცნების” მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა და უკანონო გათავისუფლებები, ახლა უკვე განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში.
სახეზეა განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის სახელით შეფუთული პოლიტიკური დევნა მათ მიმართ, ვინც დღემდე არ ეთანხმება დეფაქტო მთავრობას საგარეო კურსის ცვლილების საკითხში და განსხვავებულ აზრს აფიქსირებს საჯაროდ. - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი.
საჯარო მოხელეთა დევნა სისტემურად „ოცნებამ“ ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც მათი მხრიდან პირველად დაფიქსირდა განსხვავებული აზრი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსთან დაკავშირებით.
ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ როდესაც საჯარო უწყებებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს.
რეპრესიების დაწყებიდან დღემდე საჯარო სამსახურში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 900-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან ნახევარზე მეტი ქალია.
მე მივმართე უკვე სადეპუტატო შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გაგვცეს პასუხი, რას ემსახურება კეთილსინდისიერი და სტაჟიანი საჯარო მოხელეების გათავისუფლება და განსხვავებული აზრის დევნა მის უწყებაში.
გარდა ამისა, ჩვენი გუნდი იწყებს ყოფილ და არსებულ საჯარო მოხელეებთან აქტიურ კონსულტაცას, რომლის მიზანი იქნება არსებული მდგომარეობის შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლის გამოყენებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
საკადრო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს, არ ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლლიერებას და ხალხის ინტერესების გათვალისწინებას, ისინი მიმართულია ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაქრობისკენ და „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ." - განაცხადა ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე.




