"გიორგი გახარიას არ დაუდია არანაირი პირობა. ეს საკითხი არ გამოდგება დაპირისპირების საგნად იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პერსონალური გადაწყვეტილების საკითხი. - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა. 

"ვიღაც მიიჩნევს, რომ უფრო მეტად ეფექტიანია ისეთი პოლიტიკის კეთება, რომელიც ითვალისწინებს გირაოს გადახდას, ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში სხვა ქვეყნიდან მონაწილეობს, ვიღაც მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტიანი იქნება მისთვის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება," - განაცხადა ტატა ხვედელიანმა

ცნობისთვის, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქციელი, რომლებმაც გირაო არ გადაიხადეს და პატიმრობა არჩიეს, "სამოქალაქო გამბედაობის აქტია."

"ეს ადამიანები არ აპირებენ რომ დაემორჩილონ უკანონო პარლამენტის უკანონო კომისიას და მერე იმ უკანონო ჯარიმას, რომელიც ამ უკანონო კომისიაში არგამოცხადების გამო მათ დაეკისრათ, ეს არის მათი სამოქალაქო გამბედაობის აქტი. მაინც, რა თქმა უნდა, კარგია და მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ტიპის მოვლენების დროს უფრო მეტი ადამიანი ხვდება ერთიანობის მნიშვნელობას. ყველა ძირითად აქტორს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომ კომისიას არ ვცნობდით ლეგიტიმურად, შესაბამისად, მის საქმიანობაში არ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.