6 მილიონი კვადრატული ქართული მიწა ისე გაყიდეთ, დოკუმენტი არავის ანახეთ, შიგნით რა წერია, ადამიანები დასვით ეთერებში და სამარცხვინოდ ალაპარაკეთ, დოკუმენტი არ გვინახავს არავის, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან მაგარიაო. ამის მერე რა უნდა განდოთ საერთოდ ადამიანმა? მაგრამ მგონი, მაგ ამბავსაც ვერ მიიყვანს ბოლომდე.- ამის შესახებ ტატა ხვედელიანის საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

"დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება ცვლილება, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ტექნიკურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ძალიან სერიოზულ საკითხს ეხება. საქსტატის, ანუ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, პრემიერის პირდაპირ დაქვემდებარებას. და ამაზე საუბრობს გუნდი,  რომლის მმართველობის დროს ჩვენ ვნახეთ კორუფციაში მხილებული მაღალი თანამდებობის პირები, ყოფილი პრემიერები, სუსის ხელმძღვანელი, მინისტრების მოადგილეები, მერები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მოქალაქეებს ძარცვავდნენ.

და დღეს იგივე გუნდი გვთხოვს, რომ დავუჯეროთ, თითქოს მათ მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს უნდა ვანდოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყანაში.

ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი სიგნალი, თქვენთვის მთავარი არ არის გამჭვირვალობა,  მთავარი არის ძალაუფლების სრული კონცენტრაცია და ამას უკვე არც მალავთ.

საქსტატი არ არის ერთ-ერთი რიგითი უწყება. საქსტატიდან საზოგადოება ცდილობს გაიგოს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა, როგორ იზრდება ეკონომიკა, რა ხდება ფასებთან დაკავშირებით, რამდენია სიღარიბე, რამდენია უმუშევრობა, რა ხდება დემოგრაფიაში, ეს უწყება ქვეყნის თვალი და ყურია. და ახლა თქვენ ამბობთ, ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს იმ ადამიანის ქვეშ, ვისაც თავად ეს მონაცემები უნდა აფასებდეს? ეს ხომ აბსურდია.

უბრალოდ უკვე პროპაგანდის მანქანებიც კი აღარ გყოფნით, საქართველოში მძიმე რეალობის გასალამაზებლად, ეს არის სიმართლე.

თქვენ გინდათ, რომ ადამიანს, რომელიც კვერცხის ფასთან დამარცხდა, ხელში ჩაუგდოთ ქვეყნის სტატისტიკა? ხვდებით მაინც რაზეა საუბარი? ადამიანი მოქალაქეებს 3 თვის წინ შეპირდა კვერცხის ფასის გაიაფებას, და კვერცხის ფასი კი არა, ყველაფრის ფასმა მოიმატა. განათლების რეფორმაზე დაიწყო საუბარი და 1 კვირაში საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწია. ურთიერთობებს გადავტვირთავო და ამ ქვეყანას მოსკოვის მექანიზმი მოუტანა. რა დამსახურება აქვს ამ კაცს, რომ რამე დაუქვემდებაროთ მართლა მაინტერესებს. ერთადერთი, აი ერთადერთი, რაც რეალურად გააკეთა მოსვლის შემდეგ, ღარიბაშვილი დაიჭირა. კაცმა პასუხისმგებლობაც კი ვერ აიღო საკუთარ პრემიერობაზე და პირდაპირ ეთერში თქვა, პასუხისმგებლობას საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს ვუნაწილებო.

6 მილიონი კვადრატული ქართული მიწა ისე გაყიდეთ, დოკუმენტი არავის ანახეთ, შიგნით რა წერია, ადამიანები დასვით ეთერებში და სამარცხვინოდ ალაპარაკეთ, დოკუმენტი არ გვინახავს არავის, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან მაგარიაო. ამის მერე რა უნდა განდოთ საერთოდ ადამიანმა? მაგრამ მგონი, მაგ ამბავსაც ვერ მიიყვანს ბოლომდე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ცვლილება ქმნის აშკარა ინტერესთა კონფლიქტს.

პრემიერ-მინისტრი დანიშნავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მერე უნდა შეაფასონ, რამდენად ეფექტიანია მისი საკუთარი მთავრობა.

ანუ: თვითონ ნიშნავს, თვითონ გააკონტროლებს და საბოლოოდ თვითონვე შეაფასებს საკუთარ თავს.

დამოუკიდებელი სტატისტიკის გარეშე: საზოგადოება კარგავს რეალობის აღქმას, ხელისუფლებას კი ექმნება შესაძლებლობა ციფრებით შექმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის, მაშინ როცა რეალურად: ფასები იზრდება, სიღარიბე კი არ ქრება

დღეს აქ, ამ დარბაზში, ბევრი თქვენგანი შეიძლება უბრალოდ ღილაკს დააჭერს. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ მორიგი კენჭისყრაა.

მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში რეალობის დანახვა საერთოდ შესაძლებელი იქნება თუ არა.

და ერთი რამ გახსოვდეთ, პასუხისმგებლობის დრო ყოველთვის მოდის და ის არასოდეს რჩება მხოლოდ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული." - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.