შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით - უკრაინის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ვ.რ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით 2003 წელს დაბადებული ა.რ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს." - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.