შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა მოდელის 42 მობილურ ტელეფონს და თანხას.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.- ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.