„ჩვენ ჩორჩანას ტერიტორია კი არ დავკარგეთ, არამედ ამ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლი. მანამდე, ვიდრე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო გაიხსნებოდა, ეფექტიანი კონტროლი არსებობდა, რაც უამრავი ფაქტით დასტურდება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ მილიონ კვადრატულ მეტრზე დაკარგა ეფექტიანი კონტროლის განხორციელების საშუალება და არა ტერიტორია.
„ამ ტერიტორიაზე, სიმაღლეებზე არ არსებობდა საგუშაგოები, ახლა ისინი მთლიანად სეპარატისტებს აქვთ დაკავებული. მანამდე ამ ტერიტორიაზე არ გადაადგილდებოდნენ მოძრავი საგუშაგოები, ახლა კი დადიან. ამდენი ტყუილი ხომ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ? გვჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც მოხერხდება ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ეს მთავრობის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკით მოხდება. ის, ვინც კიდევ ამაზე საუბრობს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ ეს მათი თემა არ არის. ან დასრულდეს ჩორჩანას თემაზე საუბარი, ან ჩვენ კიდევ უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებთ, რადგან ამდენი ტყუილის მოსმენა აბსოლუტურად შეუძლებელია“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.




