ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მილიარდ დოლარს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ივანიშვილმა არ უნდა მოუსმინოს ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ“.

„დავა, რომელზეც გუშინ ლონდონის სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, სინამდვილეში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლომ, ერთი მხრივ, Credit Suisse Life-ს მიანიჭა უფლება, წასულიყო უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში. ეს არის ლონდონის სასამართლო. ამავდროულად, უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს, სასამართლო გადაწყვეტილებამდე მიეღო მისი კუთვნილი 607 მილიონი დოლარი. ბერმუდის სასამართლომ ჯერ კიდევ 2024 წლის 29 თებერვალს რატომ უთხრა უარი უარი ბიძინა ივანიშვილს, მიეღო მისთვის კუთვნილი 607 მილიონი დოლარი? რადგან სანაცვლოდ, ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის მოითხოვა საბანკო გარანტია რომელიმე დასავლური ბანკისგან. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ამგვარი საბანკო გარანტია ვერცერთი დასავლური ბანკისგან ვერ მიიღო. ამ მომენტში, ჯერ კიდევ 2024 წლის 29 თებერვალს ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება განიხილებოდა, რაც მას არასანდო პირს ხდიდა დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისთვის. მისი არასანდო რეპუტაციის დაასასაბუთებლად ბერმუდის სასამართლომ სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რატომ დაემართა რუს-ქოცურ პროპაგანდას სრული ისტერია და გულყრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფის რეზოლუციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ სტამბოლში იქნა მიღებული.

რა ხდება ბერმუდის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილს, სადაც საუბარია, რომ საქართველოს დემოკრატიული, ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი მოქმედებებისთვის, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობისთვის სანქცირდება ბიძინა ივანიშვილი სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან. ანუ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამბობს, რომ ივანიშვილი არის რუსული გავლენის აგენტი. ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ივანიშვილს ამ სასანქციო გადაწყვეტილებით უზღუდავს წვდომას 461 მილიონ დოლარზე, რომელიც ივანიშვილს მსგავს დავაში, Credit Suisse Life-ის წინააღმდეგ სინგაპურის სასამართლომ მიაკუთვნა.

შესაბამისად, გუშინდელი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული 607 მილიონის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს. ეს რეალურად ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც მისმა ადვოკატმა გააკეთა. ანუ, უზარმაზარ ფინანსურ გიგანტს, ახლა უკვე „იუბიესის“ სახით, რომელმაც გაკოტრებული „კრედიტ სუისი“ იყიდა, გადასახდელი აქვს მილიარდ დოლარზე მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის, რაც მისი ქონების 20% მაინც არის და ამ ფულს ვერ იღებს. სინამდვილეში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი გავეშების რეალური მიზეზი. რიგ შემთხვევაში, არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი გაუბედავი, მხდალი ქოცი ხელქვეითები მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ცოცხალ ტყვეებს თუ აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ტყვეების, პოლიტპატიმრების აყვანით მას შეუძლია, რამენაირად დაიბრუნოს კუთვნილი მილიარდი დოლარი. მას ატყუებენ და სრულიად უბადრუკი, არაფრისმომცემია ის მცდელობა, რომელიც არის წინა ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სანქციების მოხსნის მიმართულებით. ბიზნესმენები და, სამწუხაროდ, რამდენიმე სპორტსმენი ცდილობს აღნიშნულზე მუშაობას ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციასთან, მაგრამ სრულიად არასერიოზულად აღიქმება არსებულ ადმინისტრაციაში ამგვარი ძალისხმევა.

ამასობაში, სრულიად რეალისტურია, მას დაეწესოს ბრიტანული ფინანსური სანქციები, რაც ყველა რუსმა ოლიგარქმა იცის, რომ ნამდვილი წყევლაა და რომლის გვერდის ავლა სრულიად შეუძლებელია, თეორიულად რომც მოიხსნას ამერიკული სანქციები. მეტიც, ამგვარი გადაწყვეტილება უფრო დააჩქარებს ბრიტანულ სანქციებს. ბრიტანული სანქციების თავიდან არიდებას კი ლონდონში არჩილ გაჩეჩილაძის სასოწარკვეთილი ვედრება ნამდვილად არ ეყოფა. ივანიშვილს უნდა ესმოდეს, ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს. ეს უნდა შეიმეცნოს, ეს უნდა დაიჯეროს. არ უნდა მოუსმინოს გაუბედარ, უმეცარ, რუსქოც ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ. უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგვნა მილიარდი დოლარის დასაბრუნებლად, ამისთვის არსებობს კონკრეტული გზა და მოქმედებები, რომლებიც მას შეუძლია, გადადგას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო - სასამართლომ "კრედიტ სუისი" ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა